ნინო წილოსანი - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებულ დახმარების პროგრამებზე ოპოზიციის მხრიდან ტყუილები გვესმის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წლიურის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, მთავრობის მათაურის დაუსვა კითხვები პანდემიასთან დაკავშირებულ ანტიკრიზისულ გეგმასა და აბიტურიენტები საკითხზე.
„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დახმარების და სოციალური დახმარების პროგრამები შევიმუშავეთ, რასაც არაერთი პოზიტიური შეფასება მოჰყვა, თუმცა, მეორე მხრივ, გვესმის გარკვეული ტყუილები ამ პროგრამის გახორციელებასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა, რომ პარლამენტს და საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია, ამ ეტაპზე რამდენად ხდება ამ პროგრამების მიწოდება თითოეული ოჯახისთვის და იმ ბენეფიციარებისთვის, ვისაც ეს პროგრამა ეკუთვნის, ახალ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის მსურველ ადამიანებზე, მათ შორის, „აწარმოე საქართველო“ ახსენეთ თქვენ და ჩაეშვება თუ არა ეს განახლებული პროგრამა წელს და რაც შეიძლება დროულად? ამასთანავე, ქონების მართვის 100 საპრივატიზაციო ობიექტი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიუროკრატია იქნება ამ ნაწილში შესასუსტებელი და საკმაოდ დიდი პოტენციალია ამ ქონებების პრივატიზაციის კუთხით და ახალი ეკონომიკური საქმიანობების კუთხით?“- მიმართა ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას.
დეპუტატმა ასევე აბიტურიენტების მშობლების თხოვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წელი საკმაო სტრესთან არის დაკავშირებული.
„ამ ბავშვებისთვის აბიტურიენტობა, მისაღები გამოცდები და პლუს პანდემიის რეგულაციები, რომელიც ძალიან ლოგიკურია, რომ არსებობს, მათთვის გარკვეულ შიშის ზარს იწვევს. მინდა, მათი სახელით გთხოვოთ, თუ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ადამიანების ჯანმრთელობა უპირატესია, გამოცდების მიმდინარეობის პროცესში, თუნდაც იმ პირობებში, რომ სახელმწიფომ დამატებითი ტექნიკური ან ფინანსური ხარჯები გავწიოთ, შესაძლებელი იყოს ამ ბავშვებს ჰქონდეთ პირბადით გამოცდების პროცესში ყოფნის საშუალება?“, – მიმართა ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრს.