ნინო წილოსანი - 15 დეკემბრის გადაწყვეტილების წინ მნიშვნელოვანი იყო მყარი თანხმობა, რომ ხორვატია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას
ნინო წილოსანი - 15 დეკემბრის გადაწყვეტილების წინ მნიშვნელოვანი იყო მყარი თანხმობა, რომ ხორვატია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ხორვატიაში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეფორმების გატარების დროს ხორვატიის გამოცდილების გაზიარებას, ყველა სექტორული მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას.

წილოსანის თქმით, 15 დეკემბრის გადაწყვეტილების წინ მნიშვნელოვანი იყო ხორვატი პოლიტიკოსებისა და საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მყარი თანხმობა, გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ხორვატია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ 15 დეკემბრით, არამედ შემდგომი თანამშრომლობით განისაზღვრება. თანამშრომლობა გულისხმობს ყველა სექტორული მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობას, მათ შორის, ევროინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ჩვენ ვისაუბრეთ აგრარულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების დროს ხორვატიის გამოცდილების გაზიარებაზე, რადგან ხორვატია ერთ-ერთი ბოლოა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა და მათი უახლესი გამოცდილება საქართველოსთვისაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.