ნინო წილოსანი - საპარლამენტო უმცირესობამ შვედეთის დელეგაციას საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა
საპარლამენტო უმცირესობამ შვედეთის საპარლამენტო დელეგაციას საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„შვედეთის დელეგაციასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე გარკვეული კითხვები ჰქონდათ, რადგან ამასთან დაკავშირებით უმცირესობამ საკმაოდ მიკერძოებული ინფორმაცია მიაწოდა. ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმა ძალიან კარგად დავუსაბუთეთ და იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა, მათი ოვაციები მივიღეთ. სასამართლო რეფორმასთან მიმართებით და ჩვენს მონდომებაში, რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხადოთ, ასევე დამაჯერებლები ვიყავით. შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების გზაზეც ვისაუბრეთ. შვედეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის მიმართულებით სამაგალითოა“, – განაცხადა წილოსანმა.
კითხვაზე, შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია გიორგი ონიანის დაკავებით თუ დაინტერესდა, ნინო წილოსანმა განმარტა, რომ შეხვედრაზე მათი მხრიდან კონკრეტულ პირებზე საუბარი არ ყოფილა.
„კონკრეტულად გოგა ონიანზე, თუ ეს გაინტერესებთ, კითხვა დასმული არ ყოფილა“, – განაცხადა წილოსანმა.