ნინო თანდილაშვილი - მასშტაბური სტიქია გამოიწვია რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ, მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია
ყველა ინფორმაციასა და მონაცემზე დაყრდნობით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შემუშავდა დასკვნა, რომელიც დღეს გაეცნობა საზოგადოებას და რომელიც დაგროვილ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს გასცემს. პირველადად შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გვქონდა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ დროს მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ექვსი ჯგუფი მუშაობდა ადგილზე. მათ განახორციელეს საველე გასვლები, დეტალური დათვალიერება ტერიტორიის, ინტსრუმენტული მონიტორინგი. ჩვენი სპეციალისტები ორჯერ შეფრინდნენ ხეობაში. გარდა ამისა, ჩვენ მნიშვნელოვანი ანალიზი გავუკეთეთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩვენი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური თუ სხვადასხვა ტიპის სადგურიდან და მოწყობილობებიდან მივიღეთ. ბუნებრივია, ყველა ამ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა ის დასკვნა, რომელიც დღეს გაეცნობა საზოგადოებას და რომელიც, ვფიქრობთ, გასცემს იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხს, რომელიც დაგროვდა ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებაში. ვხედავთ, რომ არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა. მსგავსი დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელება მიზნად ისახავს საბოლოოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვთხოვო, ამ მძიმე ემოციურ ფონზე არ შეიძლება, თავს მივცეთ უფლება, გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც კონკრეტულ მონაცემებს არ ეყრდნობა და მსგავსი სტიქიების დროს მონაცემებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
დასკვნასთან დაკავშირებით პირველადად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა საქმე. კლდეზვაური მასა მოწყდა ხეობაში და გამოიწვია მასშტაბური სტიქიური პროცესი, რომელსაც თან დაერთო ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, კლდეზვაური პროცესის მოწყვეტა ბუნებრივი კლიმატური ცვლილებების ფონზე ხდება და, ბუნებრივია, გარკვეული ნალექების რაოდენობაც დაემატა. ჯამში რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია ის მასშტაბური სტიქია, რაც ვნახეთ. როდესაც საქმე გვაქვს ასეთი ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობასთან, პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შემიძლია გავამახვილო ყურადღება“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
გარდა ამისა, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურების და წყლის დონის მზომის მონაცემებით არ დასტურდება მოსაზრება, თითქოს ხეობაში სტიქიამდე წყლის შეგუბება მოხდა.
„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აინტერესებს საზოგადოებას, გაჟღერდა, თითქოს სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე იქ იყო შეგუბება, რომელმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მასშტაბური სტიქიური პროცესი. ეს ინფორმაცია არის დაუდასტურებელი, დაუზუსტებელი, რადგან ჩვენი ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურების და წყლის დონის მზომის მონაცემებით, მდინარის აუზში არ ფიქსირდება მსგავსი კლება, რომელიც დაადასტურებდა ამ მცდარ მოსაზრებას, რომ იქ დიდ შეგუბებას ჰქონდა სტიქიამდე ადგილი.
ბუნებრივია, საზოგადოება დასკვნასთან დაკავშირებით მეტ დეტალს დღეს გაიგებს და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ, რომ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. არის ურთულესი ვითარება, ძალიან მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც, სამწუხაროდ, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ვითარდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომელთა წინასწარ პრგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტ დეტალს ამ წუთას ვერ მოგახსენებთ. რაც შემიძლია გითხრათ, ბუნებრივ მოვლენებს აქვთ ერთმანეთთან კავშირი, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მოვლენათა ერთობლიობა ქმნის მასშტაბს სტიქიისას, რაც ვიხილეთ ხეობაში და მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენი სპეციალისტები დეტალურად ისაუბრებენ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე ამ კონკრეტულ ხეობაში მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას არ ელოდებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციალისტები რჩებიან ადგილზე და მუდმივად მიმდინარეობს პროცესების მონიტორინგი. ძალიან დეტალურად გავაკეთებთ განმარტებებს, მათ შორის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც, რაც შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც საქმე გვაქვს მსგავსი მასშტაბიც მოვლენასთან. ასეთი მოვლენის პროგნოზირება წინსწრებით შეუძლებელია“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.