ნინო რიჟამაძე - საარჩევნო რეფორმის საკითხებთან მიმართებით, დეტალურ, წერილობით მოსაზრებებს წარმოვადგენთ დოკუმენტის სიღრმისეულად შესწავლის და გაანალიზების შემდგომ
იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტით შემოთავაზებულია, „სამართლიანი არჩევნები“ წლებია მუშაობს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე და განსაკუთრებით, ქვედა დონეზე, საუბნო კომისიებზე, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ნინო რიჟამაძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით, დეტალურ, წერილობით მოსაზრებებს დოკუმენტის შესწავლის შემდგომ წარმოადგენენ.
„ვფიქრობთ, რომ არსებობს საკითხები, რომელიც ასევე საჭიროებს რეფორმას და საკანონმდებლო ცვლილებებს. მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტი არ ეხება. ძირითადი საკითხები, რომელსაც არ ითვალისწინებს წარმოდგენილი დოკუმენტი, ესაა ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული საკითხი, ასევე არ არის დეტალური ცვლილებების ხედვა, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართულობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების რეგულირება და დეტალური სამართლებრივი მოწესრიგება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რიჟამაძემ.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმია, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.