ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 78 წლის მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იგი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პაციენტს უკვე აღარ აღენიშნება კორონავირუსი, თუმცა მას ჰქონდა იშემიური ინსულტი, რის გამოც, მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული. არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში იგი კლინიკიდან გაეწეროს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
კლინიკაში 24 პაციენტი რჩება. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ვირუსი განმეორებითი ტესტირების შემდეგ აღარ უდასტურდებათ, მაგრამ სხვადასხვა გართულების სამკურნალოდ ისევ რჩებიან კლინიკაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათ უახლოეს პერიოდში ჩაუტარდებათ განმეორებითი საკონტროლო ტესტი.