ნინო ლომჯარია - დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით აშანტაჟებენ.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატს ამავე პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს.
„სახალხო დამცველისთვის რამდენიმე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ჩვენ დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენებით შანტაჟს. ეს პირები არ არიან მზად, ამის თაობაზე საჯაროდ ისაუბრონ, თუმცა ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა შსს-სთან და მზად ვართ, მათი სურვილის შემთხვევაში, დავეხმაროთ ამ ფაქტების ეფექტურად გამოძიებაში და უზრუნველვყოთ კონფიდენციალურობა. ძალიან საგანგაშოა ასეთი ფაქტები და იმედს გამოვთქვამ, ყველა სავარაუდო დაზარებული მიმართავს გამოძიებას, ხოლო გამოძიება იქნება ობიექტური“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.