ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა
ყოფილმა სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. გაიმართა საჯარო ღონისძიება „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნინო ლომჯარია, გია დვალი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ხარატიშვილი, ნიკოლოზ ალექსიძე, კახა გოგოლაშვილი და რევაზ ბოჭორიშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვეა დარჩენილი და ამ პროცესისთვის საზოგადოების მტკიცე და გააზრებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია.
ნინო ლომჯარიას თქმით, პლატფორმის მიზანია, საზოგადოების ის ნაწილი, ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ინტელექტუალური, შემოქმედებითი რესურსი, ენთუზიაზმი, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და საზოგადოების ხმა, რომელიც არ ისმის საჯარო სივრცეში, კიდევ უფრო გააქტიურდეს.
„საბოლოო ჯამში, გვინდა, რომ საზოგადოების ინიციატივებმა მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ დისკურსზე და პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გია ბუღაძე, მაკა ჩიჩუა, მარინა ბერიძე, ნიკა გვარამია, ნიკოლოზ რაჭველი, ვაჟა გაფრინდაშვილი, ლანა ღოღობერიძე, ლაშა ტუღუში, ნიკა ტაბატაძე, დავით გამყრელიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ეკა მიშველაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ქეთათო პოპიაშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, ლამარა აბჟანდაძე, ვატო წერეთელი, კახა გოგიძე და სხვები.