ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიში წარადგინა
ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ისაუბრა, სადაც პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხი გამოიკვეთა.

ანგარიშის წარდგენისას სახალო დამცველმა ისაუბრა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობას, რაც პაციენტთა გარდაცვალებას იწვევს.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიების საქმეებზე.

ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გაზრდილია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი. კერძოდ, დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების შესახებ შესწავლილ 463 საეჭვო შემთხვევა 34.3%-ში დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს – 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.

პენიტენციურ სისტემაზე საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობის გამო, 2020 და 2021 წლებში სხვადასხვა დროს ქსნის N15, გლდანის N8 და N17 დაწესებულებებში პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ მისცა.

სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობად შეაფასა პატიმართა (მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად, დასჯის მიზნით და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა. მისივე შეფასებით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, როგორც თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ, ისე თავად პაციენტებს შორის. არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს სწრაფი ტრანკვილიზაციის პრაქტიკა და ასევე, მკურნალობის ნაცვლად, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის საშუალებების გამოყენება.

„განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი გამართულად არ მუშაობს. ყოველთვიურად არაერთი შემთხვევაა, როდესაც პირის გათავისუფლება არ ხდება, მაშინ როცა უფრო მკაცრი და უარყოფითი შეფასების მქონე (ისევე, როგორც უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი) პირი თავისუფლდება. პატიმრებს გაურკვევლობის, არასამართლიანობისა და ბუნდოვანების შეგრძნება აქვთ, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ უკიდურეს დარღვევებზე და გაუმჭვირვალობაზე; დისტანციური სასამართლო პროცესების ხარვეზზე, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პრობლემებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანგარიშში მიმოხილულია ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, გიორგი რურუას მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებული იძულებითი საგამოძიებო მოქმედება, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი.

ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა დავით გარეჯის საქმეზე.

მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან საქმის მასალების მიხედვით, მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, ბოროტი განზრახვა, რაც მათ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქმის წარმოება დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს და შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი.