ნინო ლომჯარია - ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში
ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომ ყველა ერთად ვართ მზად, დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
„მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველომ, ქართველმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა წლის ბოლოს, დეკემბერში ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი არის ეს გეგმა. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია, იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომ ყველა ერთად ვართ მზად, დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, ევროკავშირს არა მხოლოდ მსჯელობის პროცესის დანახვა სჭირდება, არამედ – კონკრეტული რეფორმების.
„რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, რომ უბრალოდ ვსხედვართ და ვმსჯელობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად, მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება კონსტიტუციური ორგანო, ჩემი და ჩემი ოფისის კომპეტენცია, მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.