სახალხო დამცველმა მედიასთან 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ნინო ლომჯარია ყოველწლიური ანგარიშების ფორმის შეცვლას გეგმავს. მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა ახალ სტრატეგიაზე.
„სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშების ფორმა უნდა დაიხვეწოს. ის უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების მოლოდინებს, იყოს გამოყენებადი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიაზეც. მისი შექმნის პარალელურად მოხდება აპარატის ინსტიტუციური შეფასება. ამის საფუძველზე მოხდება აპარატის გაძლიერება“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მომავალ წელს კომუნიკაციის დახვეწასა და გაძლიერებასაც გეგმავს.
„გაძლიერდება კომუნიკაციის მიმართულებით ჩვენი საქმიანობა და უფრო მეტად გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი საკუთარ მოადგილეებს წლის დასაწყისში წარადგენს. შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობებს ძველი მოადგილეები, ნინო ლომჯარია არ აკონკრეტებს.