ნინო ლომჯარია - ვმსჯელობთ, რა ფორმით ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახალხო დამცველი, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება, სასამართლოს მეგობრის სტატუსით მოსაზრების წარდგენა იყოს
ვმსჯელობთ, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახალხო დამცველი, მათ შორის ფორმა ნამდვილად შეიძლება იყოს ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით მოსაზრების წარდგენა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ის გაეცნო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, თუმცა მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს.
„აქტიურად გვაქვს ყოველდღიური თანამშრომლობა, კონსულტაციები და კომუნიკაცია კონსილიუმთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე, – მოსამართლე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაეწერა, იმსახურებს თუ არა ნდობას? – სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ არ იქნება სწორი წინასწარ მოსამართლის შეფასებაზე საუბარი.
„მოსამართლის მიმართ ნდობას თუ უნდობლობას იწვევს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სამომავლოდ თუ დავინახავთ, რომ მოსამართლე არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, შემდეგ იქნება სწორი, რომ ამაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ამასთან, ნინო ლომჯარიას კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციაზე, რაზეც ომბუდსმენმა აღნიშნა: „რამდენიმე დღის წინ მივაწოდე მას ჩემი შთაბეჭდილებები და ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის თაობაზე, მას შემდეგ მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. უბრალოდ, მიიღო ეს ინფორმაცია ცნობად და დამიდასტურა, რომ თავადაც არის ინფორმირებული, აქვს კომუნიკაცია ექსპერტიზის ჯგუფის წარმომადგენლებთან“.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შეფასება უნდა გააკეთონ დარგის ექსპერტებმა, სამედიცინო განათლების მქონე პირებმა, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასებები არის არაკომპეტენტური და პოლიტიკურად მიკერძოებული.