ნინო ლომჯარია - ვისურვებდი, კომიტეტის სხდომას ოპოზიციური პარტიის წევრები დასწრებოდნენ
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, კარგი იქნებოდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას, რომელზეც პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სპეციალური ანგარიში განიხილება, ოპოზიციური პარტიის წევრებიც დასწრებოდნენ.
ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქამდე საჯაროდ, ასე ღიად საუბარი არ ყოფილა და მისთვის გასაგებია ემოციები, რაც მას მოჰყვა.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის დღევანდელი და ყველა სხვა ანგარიში აბსოლუტურად დაცლილია რაიმე ტიპის პოლიტიკური ქვეტექსტებისგან.
„ვისურვებდი, კომიტეტის სხდომას დასწრებოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის წევრები, რადგან ეს არის ისეთი საკითხი, რომელსაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი მგრძნობელობა. ზოგადად შევეხეთ ისეთ თემას, რაზეც საჯაროდ არ ყოფილა ასე ღიად საუბარი. მესმის ის ემოციები და რეაქციები, რაც მოყვა ამ თემაზე გახსნილად მსჯელობას. გარდა ამისა, ჩვენ საკმაოდ ტრავმირებული საზოგადოება ვართ ამ მიმართულებით, საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე, ციხეებში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ამიტომ ნებისმიერ ინფორმაციაზე ვრეაგირებთ ძალიან სენსიტიურად, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიები და მესმის დღევანდელი ემოციებიც, თუმცა სახალხო დამცველის დღევანდელი ანგარიში და ზოგადად ნებისმიერი ანგარიში, ჩვენ უახლოეს მომავლში გვექნება ამ მიმართულებით არაერთი ძალიან საინტერესო ანგარიში, უდოსთან, დისციპლინურ წარმოებებთან დაკავშირებით, პატიმრებთან მიმართებით, ასევე ციხეებთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები, ყველა ეს ანგარიში აბსოლუტურად არის დაცლილი რაიმე ტიპის პოლიტიკური ქვეტექსტებისგან.მესმის, რომ ანგარიშში იგივე 2012 წლის ხსენებამ, აქ წარმოდგენული დეპუტატების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. პირველი შეკითხვა ამას ეხება“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი არ ცდილობს, რაიმე შედარება ან პარალელი გაავლოს 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან.
„ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ, რაიმე შედარება ან პარალელი გავაკეთოთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან, რადგან ეს არ არის ის ათვლის წერტილი, თუ შედარების წერტილი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შედარებებს ვაკეთებთ, ვინაიდან ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სტანდარტებზე და სხვა საკითხებზე, რაც ვფიქრობთ, რომ დღევანდელ რეალობაში არის გამოწვევა.
არაერთი კითხვა დაისვა იმაზე, თუ რატომ არ ვსაუბრობთ პოზიტივზე. თუ გაეცნობით ანგარიშს, ყოველმხრივი ინფორმაციაა მოცემული, თუმცა სახალო დამცველის ვალდებულება, მისია, ჩვენი მანდატია ის, რომ ვისაუბროთ პრობლემებზე, განსაკუთრებით აღნიშნული არის ისეთი თემა, რაზეც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სახალხო დამცველმა განგაშის ზარი შემოსცეს“ ,- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.