ნინო ლომჯარია - ვიქნები ყველგან, სადაც საფრთხე შეექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას
ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ამ ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა ლგბტ თემის მიერ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ მსვლელობაზე.
„ჩემთვის ცნობილი არ არის, სად იმართება, რა ფორმით და როგორი ფორმით, თუმცა ვიქნები ყველგან, სადაც იქნება საჭირო ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ ასევე ორი დაპირისპირებული მხარის აზრის გამოხატვის თავისუფლებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, თუმცა ის უნდა იყოს მშვიდობიანი.
„ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა და უფლება. მარშსაც აქვს ამისი უფლება და სხვა ადამიანებსაც, ოღონდ გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის გამოხატვა, თუკი მისი მიზანია, დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი, ასე ვთქვათ, უფლებები შეზღუდონ. ეს აღარ არის გამოხატვა, ეს არის უკვე კრიმინალი და კრიმინალს იმედია, შსს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.