ნინო ლომჯარია - ვიდრე აქციებს, თუნდაც კონტრაქციებს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, ის სრულად ჯდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცულ სფეროში
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მიმდინარე საარჩევნო წელს ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის აქცია, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიასთან იქნება დაკავშირებული.
„მიმდინარე წელს ნებისმიერი აქცია, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური ხასიათის, რადგან გვაქვს საარჩევნო წელი და ნებისმიერი პოლიტიკური ხასიათის აქცია სწორედ დაკავშირებულია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიასთან“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, ამ ვითარებაში სახალხო დამცველის ფუნქციაა, დაცული იყოს ყველას უფლება და შესაძლებლობ, გამოხატოს თავისი აზრი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით.
„რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ჩემი მთავარი ფუნქცია ამ ვითარებაში არის ის, რომ ყველას უფლება და შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით, უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, მე ამ აქციების შინაარსთან დაკავშირებით ვერ გამოვხატავ, ვერ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მთავარია, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი სახე და სხვა ადამიანებს არ შეეშალოს ხელი თავიანთი უფლებების რეალიზაციაში. სხვა თვალსაზრისით, ვიდრე აქციებს, თუნდაც კონტრაქციებს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, ეს სრულად ჯდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცულ სფეროში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართულ აქციებთან დაკავშირებით, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვა გააპროტესტეს.