ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს, სულ მცირე, სასჯელის გადავადებას, ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება გავაგზავნოთ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს, სასამართლოს მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში, სულ მცირე, სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს.
„პარალელურ რეჟიმში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების“ მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც. ამ კვლევის გამოქვეყნებას ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს ვადაში ეს ვერ მოესწრება, მაგრამ ამ კვლევის მიგნებებს გამოვიყენებთ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. რაც ალბათ ყველაზე მთავარია, კონსილიუმის დასკვნა ცალსახაა ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე.
შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში, სულ მცირე, ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გადავადებას. ეს იყო სამედიცინო შეფასება, ექსპერტთა შეფასება პაციენტის მდგომარეობის თაობაზე, თუ გადავიყვანთ სამართლებრივ ჭრილში, მე ეს დასკვნა მეუბნება, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლი ამბობს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გადავადება შეიძლება, მოხდეს, თუ მისი დაავადება არის მძიმე, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადგან ფასდება მძიმედ, ვფიქრობ, სულ მცირე, სასჯელის მოხდისგან გადავადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს. თუმცა, ვინაიდან ჩემმა კონსილიუმმა ვერ შეძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რადგან ჩვენ არ გვყავს უფრო მეტი სპეციალობის ექსპერტი და, რა თქმა უნდა, სრულყოფილი კვლევა არ გვიწარმოებია, რაც შეუძლებელიც იყო, შესაძლოა, იყოს კიდევ სხვა გარემოებებიც, მხარე ამას წარმოადგენს. შესაძლებელია, მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ, ჩემი ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე რის თქმას ვაპირებ. ვეცდები, ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე, „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ გავაგზავნოთ.
ერთ-ერთი მიგნება, რაც ჩვენ მოგვცა კვლევამ, სასჯელის მოხდისგან გადავადების საკითხმა, არის, რომ ნამდვილად, ვადები ძალიან ბუნდოვანია და, ზოგადად, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან განვითარებული და აპრობირებული არ არის ეს ინსტიტუტი. ამიტომ, სასამართლოს მიმართ ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია იქნება, გაითვალისწინოს პაციენტის, მსჯავრდებულის, ბრალდებულის, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.