ნინო ლომჯარია - თეა წულუკიანი ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები
ნინო ლომჯარია - თეა წულუკიანი ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები

ჩემი განწყობა ნამდვილად არ იყო რომელიღაც პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში შემოვსულიყავი და არც ვაპირებ ამას. სამწუხაროდ, თქვენ გადაიტანეთ პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში, – ასე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

„ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა „მე“, თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ნამდვილად არ ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას, თქვენ იქნებით თუ სხვა, იმას, თუ როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს. ანგარიშის გამოქვეყნება დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუბრობდა კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე. ვერ გავიზიარებ განცხადებას, რომ ამ ანგარიშის მომზადება თქვენ გიკავშირდებათ. მეტიც – ვიტყვი, რომ ეს პრობლემა თქვენს მინისტრობას არ უკავშირდება და ეს დაიწყო წლების წინ. ჩვენ არაერთგზის მივესალმეთ იმ გაცხადებულ რეფორმას, რომელიც თქვენ განახორციელეთ შარშან მცირე დაწესებულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით. არ უნდა მიგეღოთ საკუთარ თავზე  აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება. სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ეცადეთ, მნიშვნელოვან ანგარიშზე საუბარი და ყურადღება გადაგეტანათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს მიმართა: „ხომ მაქვს უფლება, მეგონოს, რომ თქვენ პიროვნულად მერჩით“.