ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს.
„დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები – და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ 1 795 დაზარალებულზე გადანაწილდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10 000-დან 15 000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დაირღვა მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გუშინ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა.