ნინო ლომჯარია - შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, გადმოგვცეს კადრები, შევისწავლით აქციის ცალკეული მონაკვეთების კანონიერებას, ასევე დაკავების ფაქტებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ცალკეული მონაკვეთების კანონიერებას, დაკავების ფაქტებსა და სამართალდამცველების მხრიდან პროპორციული ზომის გამოყენების საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მან აქციის ორგანიზატორებს შესთავაზა, ძალის გადამეტების შესახებ თითოეული ფაქტის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატს მიმართონ.
„რაც შეეხება იმ ფაქტებს, რაც დაკავშირებულია ცალკეული პირების განცხადებებთან პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის შესახებ, ვფიქრობ, სახალხო დამცველის როლი იქნება მნიშვნელოვანი და შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა ეს საკითხი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან. ჩვენ თითოეულ საჩივარს შევისწავლით“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, ომბუდსმენის აპარატს შესაბამისი ვიდეოკადრები გადასცეს.
„შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ვიდეოკადრები გადმოგვცეს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველა კონკრეტული შემთხვევა – სპეცოპერაციის მიმდინარეობა და აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტები ადმინისტრაციული წესით. იყო შემთხვევები, როდესაც ვფიქრობ, რომ მოქალაქეების მხრიდან არ ჰქონდა გადაცდომას ან რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ადგილი და ისე ხდებოდა მათი დაკავება. ამაზე პასუხი იყო ის, რომ აქვთ მასალები, რომ ეს ადამიანები იგინებოდნენ, გარკვეულწილად ხულიგნობდნენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით თითოეული ფაქტი იყოს შესწავლილი
„სახალხო დამცველის აპარატს ექნება მნიშვნელოვანი როლი, შევისწავლით როგორც აქციის ცალკეული მონაკვეთების კანონიერებას, ასევე ცალკეული დაკავების ფაქტებს, იყო თუ არა პროპორციული ზომა გამოყენებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება გუშინ გამართულ კონტრაქციას, სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში არიან აგრესიული ადამიანები, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.
„მე უფრო სერიოზული პრობლემა დავინახე გუშინ – ადამიანები, რომლებიც ძალადობისკენ მოწოდებას ახალისებდნენ და ძალადობდნენ. დავსვი ამასთან დაკავშირებით კითხვები და როგორც ვიცი, 15-მდე ადამიანი არის დაკავებული, ვაზუსტებ ინფორმაციას, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ქვეყანაში არიან აგრესიული ადამიანები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.