ნინო ლომჯარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.
სახალხო დამცველის თქმით, ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მათ არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„პირველ რიგში, ველოდებით წითელი ჯვრის ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიეწოდება, როდესაც მოინახულებს ზაზა გახელაძეს. როგორც ვიცი, წითელმა ჯვარმა გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს მონახულებას და სარწმუნო ინფორმაცია გვექნება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, მათ წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებაზე. სამართლებრივად და არსებითად მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოხდა გატაცება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უკანონო პატიმრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, აპელირება უნდა გაკეთდეს ჰუმანიტარულ მიზნებზე. ადამიანი არის დაჭრილი და ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით, ყველას ინტერესშია, რომ ის დროულად დაბრუნდეს სახლში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, მსგავსი საკითხების განხილვის ეფექტიანი მექანიზმების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს რამე ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა, ისეთი შემთხვევები განეხილა, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზთან. სამწუხაროდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატი შეჩერებულია. იგივე ჟენევის ფორმატში მსგავსი საკითხები დროულად ვერ წყდება და ამ თვალსაზრისით ხშირად არაეფექტურია ეს ფორმატი. ასევე პარალელურად, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა იფიქროს არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე ან ადამიანის უფლებების დაცვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნაზე. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ყოველდღიურად ადამიანებს იტაცებენ და ჩვენ არ გვქონდეს ფორმატი სამართლებრივი, არაფორმალური თუ ფორმალური, სადაც მოხდება ამ ფაქტების განხილვა. დღეს არავის არაფრის თქმა შეუძლია ოჯახისთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი შეფასებით, საოკუპაციო და დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესებში არ შედის მოლაპარაკებების სამართლებრივ ჭრილში გადატანა.
„ქართულმა მხარემ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს ფიქრი იმაზე, რომ ალტერნატიული მექანიზმები შეიქმნას, იქნებ მეტად უნდა ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დამცველები, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლებიც ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის უნდა გადაწყდეს როგორ რეაგირებს სახელმწიფო ასეთ საკითხებზე, ინდივიდუალურად, თუ სტრატეგიულად უყურებს და საერთაშორისო სასამართლოებში მივდივართ სტრატეგიული სამართალწარმოების გზით. ეს ყველაფერი არის გასაანალიზებუელი და ამ ვითარებაში საჭიროა გამოსავლის პოვნა საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.