ნინო ლომჯარია - სამეურვეო საბჭო არის ინსტიტუტი, რომელმაც არასრულწლოვანთა მკვლელობის შესახებ ფილმზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
ვფიქრობ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმზე გადაწყვეტილება სახალხო დამცველმა არ უნდა მიიღოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაბამისი შიდა რეგულაციები და ორგანოები, რომლებმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ფილმი არ უნდა ახდენდეს პირების იდენტიციფირებას და არ უნდა იყოს ცალმხრივი.
„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სახალხო დამცველმა არ უნდა მიიღოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაბამისი შიდა რეგულაციები და ორგანოები, რომლებმაც ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს. ვფიქრობ, რომ სწორედ სამეურვეო საბჭო არის ის ინსტიტუტი, შიდა მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის, ქცევებისა და ნორმებთან შესაბამისობით. არ უნდა იყოს ისეთი ფილმი, რომელიც ახდენს იდენტიფიცირებას, ანუ სახელებსა და გვარებს შეიცავს, არ უნდა იყოს ცალმხრივად და მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი ასევე ყველა მხარის პოზიცია, თუკი ყველა მხარე გამოთქვამს სურვილს, რომ მისცეს კომენტარი აღნიშნულ საგამოძიებო ჟურნალისტიკას. ამ ეტაპზე არ მიმაჩნია, რომ ეს უნდა გახდეს სახალხო დამცველის გადასაწყვეტი, არამედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროდუქტის შინაარსზე. ჩვენთან არის გადმოგზავნილი. ჩვენ გავეცანით, გვექნება პოზიცია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაწყვეტი და არა სახალხო დამცველის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.