ნინო ლომჯარია - სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში, საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება
ნინო ლომჯარია - სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში, საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება

სამწუხაროდ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება, – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ისანში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე მამაკაცის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

„2019 წლის 16 ივლისს საზოგადოება მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი პირის გარდაცვალების უმძიმესმა შემთხვევამ შეძრა. თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მომუშავე არასრულწლოვანი ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც სამშენებლო პროცესი შეჩერდა.

სამწუხაროდ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება. არსებული შემაშფოთებელი ვითარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან მოიხსნება, ხოლო, მეორე მხრივ – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები. აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ – დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას თქმით, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმებისა და საშიშპირობებიან გარემოში მუშაობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ეფექტური რეაგირების განხორციელება და პრევენცია.

„სახელმწიფოს აღნიშნულ ეტაპამდე არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის სფეროში. შედეგად, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების და საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება. სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე. ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებლობაზე დაღუპული მამაკაცი 16 წლისაა. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.