ნინო ლომჯარია - სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ 17 მაისს ნებისმიერი პირის მშვიდობიანი შეკრების უფლება იყოს დაცული
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ 17 მაისს ნებისმიერ პირს ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება დაცული. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, პარლამენტთან გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.
„თუ დაირღვევა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის უფლება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი იქნება პირველი, რომელიც თითოეული მათგანის უფლებას დაიცავს. ჩვენ სახალხო დამცველის ანგარიშშიც ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე – ზოგადად, ლგბტ-ი თემი არის ყველაზე მოწყვლადი თემი საქართველოში, რომელიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება დისკრიმინაციას.
რაც შეეხება 17 მაისის აღნიშვნას, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლება დაცული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე დღეს ლგბტ თემის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადაყენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას და თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ, რატომ არ აპირებს 17 მაისს ღონისძიების გამართვას. ამასთან, აქციაზე მოხდა ინციდენტი, რა დროსაც გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს, რომელმაც ლგბტ თემის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინა.