ნინო ლომჯარია სახაროვის 2023 წლის პრემიის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა
ნინო ლომჯარია სახაროვის 2023 წლის პრემიის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა სახაროვის 2023 წლის პრემიის ფინალისტები დაასახელა.

პრემიაზე წარდგენილი, ჯამში, ცხრა ნომინანტი იყო, ფინალურ ეტაპზე კი სამი მათგანი გადავიდა, რომლებიც საგარეო ურთიერთობათა და განვითარების კომიტეტებსა და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეში ერთობლივი ფარული კენჭისყრით აირჩნენ. მათ შორის არიან: მაჰსა ამინი და „ქალი, ცხოვრება, თავისუფლების მოძრაობა ირანში“; ვილმა ნუნეს დე ესკორსია და მონსინიორ როლანდო ხოსე ალვარეს ლაგოსი ნიკარაგუიდან; „ქალები, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი, უსაფრთხო და ლეგალური აბორტისთვის“.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პრემიაზე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა (ECR Group) ნინო ლომჯარია და „ქართველი ხალხი აზრის თავისუფლებისთვის“ წარადგინა, თუმცა ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა.

პრემიის მფლობელებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები 19 ოქტომბერს გამოავლენენ.