ნინო ლომჯარია - საარჩევნო უფლების დარღვევის შესახებ ჩვენთვის არც ერთ მოქალაქეს არ მოუმართავს
ნინო ლომჯარია - საარჩევნო უფლების დარღვევის შესახებ ჩვენთვის არც ერთ მოქალაქეს არ მოუმართავს

საარჩევნო უფლების დარღვევების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისთვის არც ერთ მოქალაქეს არ მოუმართავს, თუმცა საგანგაშო იყო, ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ფაქტებზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა ამ ინფორმაციების გადამოწმება და შესწავლა დაიწყო.

„მოგეხსენებათ, არასამთავრობო სექტორი საუბრობს სავარაუდო ფაქტებზე, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს ფაქტი შევისწავლოთ და ვნახოთ, დადასტურდება თუ არა. ასევე ვნახოთ, რა რეაგირება მოახდინეს ამ ფაქტებზე სამართალდამცველმა ორგანოებმა. ამიტომ ინფორმაციას გამოვითხოვთ და შევისწავლით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენ ფაქტზე დაიწყო, რამდენზე უნდა დაწყებულიყო და ზოგადად რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება. ფაქტია, იყო ბევრი ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის შესახებ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად ადეკვატური და დროული რეაგირება ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს და შესაბამის უწყებებს ამ ფაქტებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, საარჩევნო გარემო იყო ძალიან პოლარიზებული და მიმდინარეობდა მწვავე დაპირისპირების ფონზე. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გაზრდილი იყო სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.

„მათ შორის გამოყენებული იყო ქსენოფობიური რიტორიკაც, ძალიან სახიფათოდ შეეხნენ ეთნიკურ საკითხებს საარჩევნო კონტექსტში, მათ შორის რელიგიურ საკითხებს, რაც ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, არის ძალიან საგანგაშო. ზოგადად ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები გაზრდილია“, – განაცხადა ნინო ლომჯარია.