ნინო ლომჯარია - როგორც ვიცი, „ეფბიაის“ მხრიდან ამ ეტაპზე არ არის მზაობა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთოს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურორს შეხვდა და რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა.
გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძეს ყველა ის შეკითხვა დაუსვა, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახს აქვს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვები გვქონდა ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როგორც დავპირდით ოჯახის წევრებს, დავსვი ყველა ის შეკითხვა, რაც ოჯახმა ჩემთან გააჟღერა და ვისაუბრეთ ამ შეკითხვების გარშემო. დანარჩენს ვნახავთ მას შემდეგ, რაც გავეცნობით საქმის მასალებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ, ოჯახს სახალხო დამცველთან მთავარი თხოვნა ჰქონდა, რომ პროკურატურასთან სატელიტის სურათებთან დაკავშირებით ესაუბრა.
„ოჯახს აინტერესებს, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ გამოძიებას მოეპოვებინა სატელიტის სურათები. ეს საკითხი დავაყენეთ გენერალური პროკურატურის წინაწე. მათ განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები და ქმედებები, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები, თქვეს, რომ იყო გაგზავნილი მოთხოვნები და კვლავ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა. არის გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, რათა მიიღონ სატელიტის მეშვეობით სურათები. ამას უფრო დეტალურად ვნახავთ, რაც საქმეში ჩავიხედავთ, რა გაკეთდა, თუმცა, როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, ამ მიმართულებით ნამდვილად მუშაობს გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნას, საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ექსპერტების ჩართვის თაობაზე, ნინო ლომჯარიას თქმით, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრისას აღნიშნულის ირგვლივაც დასვა შეკითხვები.
„როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან თანამშრომლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც აღნიშნეს, „ეფბიაი“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია. როგორც ვიცი, „ეფბიაის“ მხრიდან ამ ეტაპზე არ არის მზაობა, რომ გამოძიებაში ჩაერთოს. თუმცა როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული „ფეისბუქისთვის“, გუგლისთვის და სხვა და სხვა კომპანიისთვის. ამ ნაწილში წარმატებით თანამშრომლობენ და ყველა ის ინფორმაცია, რაც საქმის გარემოების თაობაზე სჭირდებათ, შეუძლიათ, მიიღონ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, საუბარი შეეხო ასევე შაქარაშვილის საქმის გარემოებებს.
„ასევე, ვისაუბრეთ იმ რეკომენდაციების და წინადადებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც სახალხო დამცველმა უკვე გააგზავნა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რასთან მიმართებითაც სახალხო დამცველს აქვს დაწყებული შესწავლა. მათ შორის, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, 20 -21 ივნისის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და სხვა საკითხების ირგვლივ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ