ნინო ლომჯარია - რადიკალური განცხადებები არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ ზოგადად სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს
ბოლო დროს რადიკალური ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, უკვე არა მხოლოდ კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფს, არამედ ზოგადად სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს შსს-თან განუცხადა, სადაც „თბილისი პრაიდისა“ და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა შეხვედრა იმართება. შეხვედრას, მხარეების მოწვევით, ომბუდსმენიც ესწრება.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, დისკუსიის დროს ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ.
„ვითარება არის საკმაოდ გართულებული. რაც ხდება უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ვფიქრობ, საერთოდ სცილდება იმ საკითხს, კონკრეტულ ჯგუფს მიეცემა, თუ არა გამოხატვის, თუ შეკრების თავისუფლების შესაძლებლობა. ასევე, ვფიქრობ, რომ განვითარებული მოვლენები სცილდება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს. სახეზე გვაქვს უკვე სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები და ამით უკვე უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს, რადგან ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ მოწოდებები, რაც გაისმა გუშინდელ აქციაზე, სცილდებოდა კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ფარგლებს, იყო უკანონო ფორმირების შექმნისკენ მოწოდებები, იყო ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთისკენ და ძალადობისკენ მოწოდება, ძალადობის პროპაგანდას ჰქონდა ადგილი. ეს ყველაფერი არის ძალიან სახიფათო, სახიფათოა ორმაგად, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ადგილზე ვხედავდით იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ძალიან ღია კავშირები აქვს რუსეთის რბილი ძალის წარმომადგენლებთან საქართველოში. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და ოფიციალურად წარმოადგენენ ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული ინტერესია, რომ უცხო ქვეყნებში, უცხო სახელმწიფოებში გააძლიერონ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას, ამიტომ ვფიქრობ, რომ აი, ამ საკითხებს უნდა შევხედოთ ჩვენ უფრო ფართო ჭრილში ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, შსს-ში დღეს მიმდინარე შეხვედრაზე სამართალდამცავი უწყებისგან ელოდება პასუხს, რის გაკეთებას აპირებს უწყება რადიკალური ჯგუფების მხრიდან გუშინ გაკეთებულ მოწოდებებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის განცხადებით, მოწოდებები იყო დანაშაულებრივი.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, ვასაძემ აღნიშნა: „არ მოვალთ იარაღით, მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით, მაგრამ გარდა ამისა, გვექნება კომბალი, კომბალი არ არის ცივი იარაღი“.
ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.