ნინო ლომჯარია - „ქართული ოცნების“ გუშინდელი ღონისძიება თავისი გზავნილებით არასერიოზულად გამოიყურებოდა, განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა
„ქართული ოცნების“ გუშინდელი ღონისძიება თავისი გზავნილებით არასერიოზულად გამოიყურებოდა, განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ლომჯარიას კითხვა დაუსვეს საარჩევნო კამპანიის გახსნაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ივანიშვილმა აღნიშნა: „საკმარისია, გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ, ტრადიციული ფოიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფოიერვერკს მივიღებთ“.
„ეს ყველაფერი ალბათ სასაცილო არ არის, მაგრამ მაინც ღიმილის მომგვრელი იყო, რადგან, ვფიქრობ, სულ მცირე, არასერიოზულად გამოიყურებოდა ესეც და გუშინდელი ღონისძიება თავისი გზავნილებით. რა თქმა უნდა, არ არის სასაცილო, უფრო სამწუხარო რეალობაა. მმართველმა პარტიამ, მათი ლიდერების სახით, რეალურად ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის დასავლეთში ინტეგრაცია. მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ დასავლური კურსი, რათა უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ვეწინააღმდეგები ამ მოცემულობას, სწორედ ევროკავშირის წევრობაში არის საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილური განვითარება. ვფიქრობ, ეს განცხადებები იყო არასერიოზული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.