ნინო ლომჯარია - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო გამოძიების მიმდინარეობასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუმცა ვადებზე არაფერი თქმულა
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო გამოძიების მიმდინარეობასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუმცა ვადებზე არაფერი თქმულა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან ლევან დადუნაშვილის მამის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შვილმკვდარ მშობლებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სამუშაო რეჟიმში და საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობდა.
„ვესწრებოდი სამივე შეხვედრას და ძალიან კარგად ვიცნობ სამივე საქმეს. სამივე შემთხვევაში, როგორც დაზარალებულებს და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ასევე ადვოკატებს და მეც მომეცა შესაძლებლობა, მესაუბრა იმ გარემოებებზე, რაც საეჭვოა აღნიშნულ საქმეებში, რასთან დაკავშირებითაც გამოძიებასთან არსებობს კითხვის ნიშნები და რასაც პასუხების გაცემა სჭირდება. ნამდვილად სამუშაო რეჟიმში და საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობდა შეხვედრები. ვფიქრობ, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დაიფარა, რაც იყო სათქმელი დაზარალებულების მხრიდან.
ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრეს ყველა გარემოებასა და ნიუანსზე, რაშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. კონკრეტული ვადები არ თქმულა, რა ვადაში რა იქნება, ამის შესახებ ზაზა სარალიძემ განაცხადა, თუმცა ნამდვილად იყო საუბარი იმაზე, რას აკეთებს ახლა გამოძიება, რომ იქნება კონკრეტული ნაბიჯები. შეთანხმება და საუბარი იმაზე, რა ვადაში რა იქნება, არ ყოფილა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალებს. მე ზაზა სარალიძეს შევთავაზე, რომ მის ადვოკატებთან ერთად შევისწავლით ამ საქმეს, რომ ჩვენ ცალკე შესწავლა არ ვაწარმოოთ. უმჯობესი იქნება, კოორდინაციაში ვიყოთ და ჩვენთან ერთად მიადევნონ თვალი საქმის განხილვას.
მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიების მიმართულებით გარკვეული სიახლეები იქნება.ზაზა სარალიძის მხრიდან იყო გაჟღერებული 10 ივნისი, თუმცა ამაზე მსჯელობა არ მიდიოდა. თანხმობა იყო იმაზე, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს, – ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა.