ნინო ლომჯარია - პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა აქციის მშვიდობიანად ჩატარებაზე
ნინო ლომჯარია - პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა აქციის მშვიდობიანად ჩატარებაზე

გრიგოლ ვაშაძე სრულად იზიარებს ჩემს პოზიციას და შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ის ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, გრიგოლ ვაშაძესა და თინათინ ბოკუჩავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გუშინ ველისციხეში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე შევეხეთ არამარტო გუშინდელ ინციდენტს, არამედ ზოგადად ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, ოპოზიციის ხედვებზე, გეგმებსა და მოთხოვნებზე. შეხვედრა იყო საკმაოდ გულწრფელი. ბატონი ვაშაძე სრულად იზიარებს ჩემს პოზიციას და შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი და ის ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ ბრძოლას. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როცა არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და დაძაბულობა. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა აქციის მშვიდობიანად ჩატარებაზე. ჩვენ ამაზე გვქონდა სრულიად შეთანხმებული პოზიციები“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის მონაწილეები გზებზე შეზღუდვის შესახებ უფრო ადრე გაეფრთხილებინა.

„რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, გუშინაც განვაცხადე და ვიმეორებ, რომ როცა ასეთი მდგომარეობაა, უმჯობესია, უფრო დროული კომუნიკაცია შედგეს, შსს-ს მხრიდან მომხდარიყო დროული გაფრთხილება, რათა სიტუაციის ესკალაცია ყოფილიყო თავიდან არიდებული. ვფიქრობ, ამის შესახებ აქციის მონაწილეების ინფორმირება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ამ აზრის გამო იყო საყვედური მინისტრის მხრიდან, მაგრამ ვიმეორებ – სახალხო დამცველის მანდატი მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, ამ შემთხვევაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, პოლიციის უსაფრთხოება და ზოგადად უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და ამიტომაა საჭირო დროული კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გზაზე დაწესებული შეზღუდვის საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

„რაც შეეხება გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ამ თემას დეტალურად ვსწავლობთ. შეზღუდვას სჭირდება დასაბუთებას, ის უნდა იყოს პროპორციული და კანონიდან გამომდინარეობდეს. ჩვენ ზეპირად ვიცით გარკვეული პოზიციები, თუმცა ვსწავლობთ, რამდენად პროპორციული იყო გადაადგილების შეზღუდვა და რამდენად ემსახურებოდა კანონით გათვალისწინებულ მიზნებს. ვსწავლობთ, ალტერნატიული გზით რამდენად იყო შესაძლებელი მიღწევა და მშვიდობიანი აქციის გამართვა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, სურს თუ არა სახალხო დამცველს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-სთან კომუნიკაცია გუშინაც ჰქონდა და დღესაც აქვს.

„ვეცდები, ვესაუბრო არამარტო ოპოზიციას, არამედ სამართალდამცველებსაც და გავუზიარო ჩემი ხედვები, თუ როგორ შეიძლება იყოს უკეთ დაცული გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა.