ნინო ლომჯარია - პარლამენტში ჩემი მიმართვა დამოკიდებული იქნება შედეგებზე, რასაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მოიტანს
პარლამენტში ჩემი მიმართვა დამოკიდებული იქნება, განხილვასა და იმ შედეგებზე, რასაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მოიტანს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და გამოცდის გაუქმების საკითხის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მხარდაჭერილი იქნება.
„პრინციპულ საკითხად რჩება კანდიდატთა ნომინირების დასაბუთება და ფარული კენჭისყრის გაუქმება. ასევე კანდიდატებისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომ გაასაჩივრონ პროცედურა, თუ ჩათვლიან, რომ დარღვეულია პროცედურა. ასევე დაურეგულირებელი რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირების საკითხი, რაც წინ გველოდება და უნდა გავითვალისწინოთ, რეკომენდაცია და უნდა დავარეგულიროთ, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოახდინოს საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევა. ამ საკითხებზე ჩემს გამოსვლაში ყურადღებას გავამახვილებ. ყველაზე პრინციპული რეკომენდაცია იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყველა საერთაშორისო სტანდარტით ევალება, დაასაბუთოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეთა ნომინირებაზე. ამას ყველა საერთაშორისო დოკუმენტი ამბობს, პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ არ იქნება თვითნებური გადაწყვეტილება და ყველაზე საუკეთესო შედეგის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.