ნინო ლომჯარია - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ჩაბუქის მეუღლესთან და ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დაიწყოს, წინასწარი საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს იწურება.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ დაექვემდებაროს პირი ექსტრადირებას იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება გახდეს არაადამიანური და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ასევე, არ გვაქვს გარანტიები, რომ მისი საქმის განხილვა დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების დასკვნა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და ეს არის თვითონ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაც, რომ არ განახორციელოს პირის ექსტრადირება იმ ქვეყანაში, სადაც ის შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი”-ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის ოფისი პროცესში დაიხმარებს ყველა რესურსს, მათ შორის ადგილობრივი სასამართლოებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი მიმართვის უფლებას. სასამართლოსთან მიმართებაში ომბუდსმენი “მეგობრის ინსტიტუტს” გამოიყენებს. ასევე, ომბუდსმენი მზად არის ევროპის სასამართლოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დახმარება გაუწიოს ოჯახს.
სახალხო დამცველი დააფიქსირებს პოზიციას, რომ შესაძლოა, ექსტრადირებით დაირღვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპები.