ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს
ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა დიდი გამოწვევების წინაშეა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკის საგანია. განსაკუთრებული მღელვარება მოყვა გასული წლის დეკემბერში, ნაჩქარევად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტისთვის წარდგენას. სპეციალური პროცედურის არარსებობის პირობებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ აჩვენა საკითხის განხილვის მაღალი სტანდარტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ზოგიერთ შემთხვევაში არ არის გამჭვირვალე და ხშირად საკითხები კონფლიქტურ ვითარებაში იხილება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, დღის წესრიგში არსებული გამოწვევები მოითხოვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც გამორიცხავს თვითნებურ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად გააჯანსაღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დასაბუთების, გამჭვირვალობის გაზრდის გზით.

„მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ამ მიზნებს სრულად ვერ აღწევს და იგივე შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის. პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებულ იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად, უსამართლო გადაწყვეტილებების შინაარსის ცვლილების გარეშე.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო იქნება მიღებული, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.