ნინო ლომჯარია - მოგვეცა სააკაშვილის მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის საშუალება, წერილობითი დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
ნინო ლომჯარია - მოგვეცა სააკაშვილის მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის საშუალება, წერილობითი დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილმა ექიმების ჯგუფმა სასჯელაღსრულების მე-18, სამკურნალო დაწესებულება დატოვეს.

ლომჯარიას თქმით, მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეაფასეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა.

„შევედით, ექიმებს მიეცათ საშუალება, რომ გაესინჯათ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი; ასევე, დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა. შეხვდნენ ექიმებს, გაესაუბრნენ. შეაფასეს იქ არსებული სამედიცინო მდგომარეობა და ასე ვთქვათ, მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება. კონკრეტულად, სამედიცინო შეფასებებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთებენ თავად ამ ჯგუფის წევრები. უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები. მე არ ჩამიტარებია ექსპერტიზა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.