ნინო ლომჯარია - მხარდაჭერას ვუცხადებ პატრიარქს, რომელიც მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირება არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მას სუფთა, ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან საერთო არაფერი აქვს.
მისივე თქმით, პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, ის სიძულვილის ენის სამიზნე გახდა.
„არ ვიცი და ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან (ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში ბოლო რამოდენიმე წელია საჯაროდ არიან ჩართულნი, საერთო არაფერი აქვთ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, წესიერებასთან…). მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის. მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.