ნინო ლომჯარია - მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ომბუდსმენის ოფისის ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ, შენობაში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა.
სახალხო დამცველი თხოვნით მიმართავს საჯარო და კერძო ორგანიზაციებს, მათი თანამშრომლები დროებით თავისთან მოათავსონ.
„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში.
მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლივ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“, – წერს ნინო ლომჯარია.
5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ.-ში 5.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც შეიგრძნო. დღეს კი, თბილისის დროით 07:58 საათზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ.-ში 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.