ნინო ლომჯარია - მივესალმები, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდგომ ჩაინიშნა
მივესალმები, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდგომ ჩაინიშნა და ჩემს მოსმენას აზრი არ დაეკარგა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხაზი გადის უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე.
მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაკომპლექტდება, ვინ იქნებიან ახალი მოსამართლე წევრები და როგორც წარიმართება პროცესი.
„ხუთშაბათს, ჩემი მიმართვის დროს მე ვისაუბრებ წარმოდგენილ კანონპროექტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, მასში არსებულ ხარვეზებზე, ასევე შევაფასებ და ვიმსჯელებ ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნას. ამ დროისთვის მე ველოდები, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე ჩვენ უკვე უნდა მივიღოთ ეუთო-სგან ალტერნატიული დასკვნა. ვისაუბრებ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც სახალხო დამცველის შენიშვნებზე, ასევე ბევრი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
„ჩავთვალე, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც პირველად სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს პარლამენტისადმი მიმართვის ფორმატი. ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა შესაძლო სადისკუსიო ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. როდესაც ასეთი შემჭიდროვებული ვადებია, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარკვეულწილად ექსპერტული მოსაზრება და შეფასება მოისმინონ დეპუტატებმა, რას ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რას გულისხმობს, როგორ და რა ფორმით მოითხოვს პარლამენტისგან სადავო რეგულაციების შეცვლას. ეს გამოსვლა დეპუტატებს დაეხმარებათ, რომ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბდნენ. ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას მივესალმები, რომ კენჭისყრა სახალხო დამცველის გამოსვლის შემდგომ ჩაინიშნა და ჩემ მოსმენას აზრი არ დაეკარგა. პროცესები ძალიან დაჩქარებულია. რთულად წარმომიდგენია, როგორც შეიძლება ერთი ან ორი დღის განმავლობაში სრულყოფილად შევაფასოთ წარმოდგენილი დასკვნები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.