ნინო ლომჯარია - მისასალმებელია, რომ საბჭოთა ტიპის დაწესებულება N7 დღეს დაიხურა
მისასალმებელი და სიმბოლურია, რომ ეს საბჭოთა ტიპის დაწესებულება, რომელიც თავდაპირველად არც იყო შექმნილი გრძელვადიანი პატიმრობისთვის, დღეს დაიხურა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ათ წელზე მეტია, რაც სახალხო დამცველის ანგარიშებში ხვდება მე-7 დაწესებულება, როგორც ადგილი, სადაც არასათანადო პირობები არსებობდა პატიმრებისთვის.
„აქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო და საცხოვრებელი პირობები, ვფიქრობთ, რომ უტოლდებოდა ნამდვილად არასათანადო მოპყრობას. წლებია, რაც სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო, რომ დახურულიყო ეს დაწესებულება. მისასალმებელი და სიმბოლურია, რომ ეს საბჭოთა ტიპის დაწესებულება, რომლიც თავდაპირველად არც იყო შექმნილი გრძელვადიანი პატიმრობისთვის, დაიხურა დღეს. იმედს გამოვთქვამ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი რეფორმა გატარდება პენიტენციალურ სისტემაში, რადგან მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, არსებობს საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით პრობლემები, გადატვირთულობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე ტიპის დახურული დაწესებულებების არსებობას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების გაძლიერებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ მიმართულებით გაძლიერდება რეფორმები”, -განაცხადა ლომჯარიამ.