ნინო ლომჯარია - მისასალმებელია ერიკა ოლსონის მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მეც ვესაუბრე
ერიკა ოლსონის განცხადებები, ალბათ, არის დაკავშირებული დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული კომენტარით ნინო ლომჯარია გამოეხმაურა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს და სადაც ოლსონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამერიკის ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
„მე შევხვდი ქალბატონ ერიკა ოლსონს, რომელიც საქართველოშიც იმყოფებიდა ცოტა ხნის წინ. ის საკმაოდ ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისასალმებელია მისი მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მეც ვესაუბრე მას, ეს იყო: სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები და ამ მიმართულებით არსებული სერიოზული გამოწვევები, ეს იყო საარჩევნო რეფორმის საჭიროება და ასევე განსაკუთრებით გავუსვი ხაზი, მედიის წინაშე მდგარ იმ პრობლემებს, რაზეც გესაუბრეთ და ვთხოვე სახელმწიფო დეპარტამენტს ამ მიმართულებით კრიტიკული, დამოუკიდებელი მედიისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა ქვეყანაში. ძალიან მისასალმებელია, რომ ეს გზავნილები მათი მხრიდან ჟღერდება და იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კითხვაზე, რას ნიშნავს ერიკა ოლსონის განცხადება, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოეთხარა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ეს ალბათ დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ ნაბიჯთან არის დაკავშირებული.
„საერთო ჯამში, ალბათ 5 ივლისი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ასეთი განცხადებების გაკეთების ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ხედავენ, რომ დღემდე დაუსჯელია და გამოუძიებელი არის ორგანოზატორთა როლი ამ ჯგუფურ ძალადობაში. ასევე, მათ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ მიუხედავად აღებული დაპირებებისა, სასამართლო რეფორმის მიმართულებით არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ის, რომ კვლავ გრძელდებოდა უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტება და დასრულდა ისე, რომ არც ერთი რეკომენდაცია, რაც გათვალისწინებული იყო ამ პროცესის არსებითი გაჯანსაღებისთვის, არ მომხდარა და ასევე, საარჩევნო რეფორმის მიმართულებითაც, რომ ის თუნდაც ბარიერის დაწევის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოხდება თუ არა. ესეც იწვევს მათ იმედგაცრუებას. დაპირების მიუხედავად, ეს საკითხები არ ხორციელდება პრაქტიკაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.