ნინო ლომჯარია - მინიმალურია შშმ პირთა დასაქმება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში
საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან 55 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშპ) პირია, – ამის შესახებ შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, ასევე, უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც. კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს მხოლოდ 101 შშმ პირი დასაქმდა.
როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, დასაქმება ისედაც მწვავე პრობლემაა საქართველოში, ხოლო შშმ პირთათვის დასაქმების კუთხით დამატებითი ბარიერები არსებობს. შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ამ მხრივ არსებული სპეციალური სახელმწიფო პროგრამების მუშაობა არაეფექტიანია.
„მინიმალურია შშმ პირთა დასაქმება საჯარო სექტორში. მინიმალურია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობაც, რომელთა უმეტესობაც არის სპეციალური პროგრამების და ინიციატივების საფუძველზე დასაქმებული. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია კონკურსის საფუძველზე მათი დასაქმება“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ასევე იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან, ესენია – ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობების ადაპტირების საკითხები და ხელმისაწვდომობა ეფექტიან განათლებაზე.
სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავა, მათ შორის მთავარი საკანონმდებლო ცვლილება და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
„სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ფინანსდება ბიუჯეტიდან და რომელზეც თანხები არის გამოყოფილი, უფრო ეფექტიანად უნდა განხორციელდეს. ფაქტია, ფული იხარჯება, მაგრამ შედეგი შშმ პირთა დასაქმების კუთხით ძალიან მინიმალურია. არ ექცევა სათანადო ყურადღება, არ ხდება სათანადო მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების შემთხვევაში შშმ პირს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა. თუნდაც სეზონური ან დროებითი დასაქმებისას არ ეშინოდეს, რომ სოციალურ დახმარებას დაკარგავს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.