ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ „ბავშვთა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი პრობლემატურია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ „ბავშვთა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი პრობლემატურია.
როგორც ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ განუცხადა, მისი აპარატი „ბავშვთა კოდექსის“ მომზადების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული და კომიტეტს არაერთი რეკომენდაცია მისცა.
„სოფო კილაძის მხრიდან არაერთი ინიციატივა გაჟღერდა, რაც ჩვენი მხრიდან განხილული არ ყოფილა. ეს არის სიახლე. დღეის მდგომარეობით, იმ ვერსიასა და ცვლილებებზე წვდომა არ მაქვს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. გარკვეული საკითხები რაც გუშინ გაჟღერდა, პრობლემატურად მეჩვენება, მაგრამ უნდა ვნახოთ, ჩამოყალიბებული როგორ არის. თუნდაც, სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. განათლება ის საკითხია, რაც სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს მიღებული, სტანდარტიზებული და ყველა ბავშვზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს განათლება საჭიროა, ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს. კითხვები მაქვს რელიგიური ორგანიზაციების როლთან დაკავშირებით, თუმცა კანონპროექტს ვნახავ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
„ბავშვის კოდექსის“ პროექტში ჩაიწერა, რომ სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში იქნება. ამასთან, „ბავშვთა კოდექსის“ პროექტის მიხედვით, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში შესაძლოა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ჩაერთონ.