ნინო ლომჯარია - მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა
ნინო ლომჯარია - მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა

მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

ნინო ლომჯარიას თქმით, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან.

„ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი. აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი; მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ასე შემდეგ. უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან. სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან. ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებ შსს-ს უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება. აქვე, ვასაჯაროებ რამდენიმე მუქარის შემცველ შეტყობინებას ჩემი მისამართით. სამწუხაროდ, ნაწილი წამეშალა ან ვერ შევინახე.

პ.ს. აქვე დავამატებ, რომ შსს-სთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა, მინდა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ოდესმე ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ან ძალადობით დაემუქრება“, – წერს ნინო ლომჯარია.