ნინო ლომჯარია - ვერავინ ვერავის აუკრძალავს, რა ტიპის ფილმი გადაიღოს ან უყუროს
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი შუასაუკუნეობრივ აზროვნებას უწოდებს.
როგორც ომბუდსმენმა ფილმის პრემიერის დღეს დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, არავის აქვს უფლება, დაბლოკოს შენობების შესასვლელები და მოქალაქეებს არ მისცეს იქ შესვლის უფლება. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და უფრო უხეში ქმედებები თუ განხორციელდა, ეს უკვე შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
„ეს პოზიცია არის შუასაუკუნეობრივი აზროვნება. ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი შემოქმედების თავისუფლება და ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან რა ფილმს უნდა უყუროს, ან რა წიგნი წაიკითხოს. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სახალხო დამცველმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულია მშვიდობიანი და ისეთი ტიპის გამოხატვა, რაც არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ქმედებები თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ აქციის მონაწილეებს და შსს-ს, რომ მიიღონ ზომები იმისათვის, რათა სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას და მათი უფლებების რეალიზაციას და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. იმედი მაქვს, პოლიცია იქნება მობილიზებული და თავიდან იქნება აცილებული გართულებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს უგაიმართება. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.