ნინო ლომჯარია - ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო პროტესტის, ამ რუსულ კანონს ჰქვია შიშის კანონი, როცა ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონებს
ნინო ლომჯარია - ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო პროტესტის, ამ რუსულ კანონს ჰქვია შიშის კანონი, როცა ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონებს

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გუშინ პარლამენტის 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციაზე უარს.

როგორც ლომჯარიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური, ხალხის ნების საწინააღმდეგოა.

„მინდა, წაგიკითხოთ საქართველოს კონსტიტუციის შესავალი: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული, საზოგადოებრივი წესწყობილება, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“. თქვენი მიღებულია, თქვენი გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია, თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოში უნდა იყოს დემოკრატიული წესწყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს ამას. გუშინ კონსტიტუცია დაარღვია საქართველოს პარლამენტში 76-მა დეპუტატმა. არაკონსტიტუციურია, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება. გუშინ პირველი მოსმენით 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა უარს ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ და რუსეთის ორბიტისგენ, ეს იყო: არა – ევროკავშირს და კი – რუსული ტიპის მმართველობას. ეს არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის გაცხადებულ, კონსტიტუციურ არჩევანს. ევროპა ვართ ჩვენ, თქვენ ხართ ევროპა. გუშინ საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო, თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს და მთელ მსოფლიოს პარლამენტმა უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად, იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად, რადგან ამის ეშინია ხელისუფლებას. ეშინია თქვენი, სამოქალაქო პროტესტის და ამიტომ იღებენ ამ კანონს. ამ რუსულ კანონს ჰქვია შიშის კანონი, როცა ეშინიათ, მაშინ იღებენ ასეთ კანონებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.