ნინო ლომჯარია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს
ნინო ლომჯარია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ის აპირებს, რომ შემდეგ იურიდიულ კომიტეტის სხდომას პირადად დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს კანდიდატებთან გასაუბრებაში.

„მომავალ კვირას იურიდიულ კომიტეტში განახლდება უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების მოსმენა. უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გამოაქვეყნებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგებს (სადაც ბევრი ისეთი მიგნება გვაქვს, რაზეც აქამდე არავის უსაუბრია) რაც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს კანდიდატებთან გასაუბრების დროს შეკითხვების ფორმულირებაში, ასევე, დაეხმარება პარლამენტს, დეპუტატებს საბოლოო კენჭისყრის დროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. აქვე, მინდა პოზიტიურად შევაფასო იურიდიულ კომიტეტში გასაუბრებების პირველი კვირის პროცედურული მხარე. ჩემ წარმომადგენელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის და მოესმინათ მათი პასუხები. იმედი მაქვს აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება. შემდეგ კვირას ვაპირებ პირადად დავესწრო სხდომას და მონაწილეობა მივიღო კანდიდატებთან გასაუბრებაში”, – წერს ნინო ლომჯარია.