ნინო ლომჯარია „იმედის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ფაქტზე - ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა
სახალხო დამცველი იცავს იმ ადამიანებს, რომლის გამოხატვის თავისუფლებაც იზღუდება სახელმწიფოს მიერ, რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, თუ მიგაჩნიათ, რომ სახეზეა დანაშულის ნიშნები, შეგიძლიათ, მიმართოთ საგამოძიებო სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული საგამოძიებო სამსახური უარს იტყვის ამ საქმის გამოძიების შესწავლისგან ან საუბარი იქნება უფლებების დარღვევაზე ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, სახალხო დამცველის ინსტიტუტს შეუძლია, შემდეგ მოახდინოს რეაგირება.
ნინო ლომჯარიამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება ნიკა გვარამიას პროცესის მიმდინარეობისას. კოლეგებმა შეუზღუდეს პირდაპირ ეთერში. როგორი იქნება სახალხო დამცველის პოზიცია“.
„სახალხო დამცველი იცავს იმ ადამიანებს, რომლის გამოხატვის თავისუფლებაც იზღუდება სახელმწიფოს მიერ და სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ ვფიქრობ, სამწუხაროდ, დღევანდელი გადაწყვეტილებით სახელმწიფო რეალურად ზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული და სახეზეა დანაშულის ნიშნები, ვფიქრობ, რომ შეგიძლიათ, მიმართოთ ახალი საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, რომელსაც პროკურატურისგან ეს ფუნქციები გადაეცა. თუ ის უარს იტყვის ამ საქმის გამოძიების შესწავლისგან ან ფიქრობთ, რომ იქნება დარღვეული თქვენი უფლებები ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, ჩვენ შეგვიძლია, შემდეგ ჩავერთოთ და მოვახდინოთ რეაგირება“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
კითხვაზე, „თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩადენილი ხელშეშლა და დანაშაული, სახალხო დამცველს არ აქვს არანაირი ბერკეტი?, – ლომჯარია პასუხობს: „სახელმწიფოს მხრიდან თუ არ არის ჩადენილი ხელშეშლა, თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და არის უბრალოდ ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო“.
ჟურნალისტმა ნინო ლომჯარიას განუმარტა, რომ საუბარი იყო „ნიკა გვარამიას საქმის განხილვისა და განაჩენის გამოცხადების ეპიზოდზე, როცა პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტს შეუშალეს ხელი“.
„სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მე ვერ ვხედავ, მაგრამ თქვენ თუ ხედავთ, შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„დღეს ხელის შეშლის ფაქტი არ ყოფილა?“, – აღნიშნულ კითხვაზე ნინო ლომჯარია პასუხობს, რომ თავისი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა და ვერ შეაფასებს.
საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან მომუშავე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს. ქრონიკის ჟურნალისტ მარიამ ქართველიშვილს ჩართვის დროს ხელი შეუშალეს ეკა კვესიტაძემ, ნინია კაკაბაძემ, ნინო ჯანგირაშვილმა და ლაშა ბუღაძემ. „ჩაჯექით პუტინის ნავში“, „ვერსად ვერ გაგვექცევით“ – ამ სიტყვებით მიმართა ეკა კვესიტაძემ „იმედის“ ჟურნალისტს. მოგვიანებით კვესიტაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და მსგავსი ქმედებისკენ სხვებსაც მოუწოდა. ტელეკომპანია „იმედი“ მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლად აფასებს და რეაგირებას მოითხოვს.