ნინო ლომჯარია - ზოგიერთი საკითხი, რაზეც შენიშვნა გვქონდა, გამოსწორებულია, სააკაშვილს სჭირდება გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები, დადგება სასეირნო სივრცის საჭიროებაც, რაც მოსაგვარებელია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ შესვლა ძალიან გართულებულია და სააკაშვილის სანახავად სულ მცირე ორი საათი დასჭირდა.
„ძალიან გართულებული არის შესვლა. დაახლოებით, სულ მცირე ორი საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად გაურკველობა არის შიგნით, კომუნიკაცია არის გართულებული. კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის. რეალურად, ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, არ ვიცი, ჩემთვის გაურკვეველია, სად, არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე ჩემთვის არის გაურკვეველი. ამან წაიღო დაახლოებით ორი საათი, თუმცა საბოლოო ჯამში შევედით“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში შექმნილ სამედიცინო ჯგუფის წევრებს მიეცათ საშუალება, კიდევ ერთხელ გაესინჯათ მიხეილ სააკაშვილი.
„იმ ექიმებს, რომლებმაც ის პირველად გასინჯეს, მიეცათ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გაესინჯათ. დანარჩენებმა ნახეს სამედიცინო ისტორია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნა ჰქონდათ, გამოსწორებულია.
„რაც შეეხება უფლებრივ საკითხებს, გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, არის გამოსწორებული. მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის გასინჯვებს, სამედიცინო შემოწმებას. ამ წუთას პრობლემა არის ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება. ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ძალიან მადლობელია.
„სტრასბურგთან დაკავშირებით იყო ინფორმირებული, თუმცა გარკვეული კითხვები ჰქონდა ჩემთან, კონკრეტულად რა წერია გადაწყვეტილებაში, ასევე როდის იქნა ეს მიღებული და ა.შ. არის ძალიან მადლობელი სახალხო დამცველის აპარატის მიმართ და აღნიშნავს, რომ ამ ექიმების, ამ კონსილიუმის დასკვნას ჰქონდა გადმწყვეტი როლი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურების დროს. სასამართლო დარბაზში გადასვლასთან დაკავშირებით ახლა რეკომენდაციები არ გაგვიკეთებია. ჩვენი ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება, დაწერენ როგორც კლინიკური შემოწმების შედეგებს, ასევე ვითარების ზოგად შეფასებას, გასცემენ რეკომენდაციებს, საჯარო ნაწილი იქნება საჯარო და ნახავთ, რას დაწერენ. დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით ჩვენი კომისია არ მსჯელობს.
ხანმოკლე საუბარი გვქონდა, ძირითადად გამოხატავდა მადლიერებას სახალხო დამცველის აპარატის და კონსილიუმის წევრების მიმართ, აღნიშნადა, რომ საერთაშორისო გამოხმაურება სწორედ ამ კონსილიუმის დასკვნის შედეგებს მოჰყვა. გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ კონფიდენციალურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის, თუმცა უფრო იყო ზოგადი საუბარი და ის არის ძალიან მადლიერი იმით, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.