ნინო ლომჯარია - გარკვეული დრო სჭირდება დანახვას, რამდენად შედეგის მომტანი იქნება გეგმები, რაც გამოძიებას აქვს ხორავას ქუჩის საქმეზე
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გარკვეული დრო სჭირდება დანახვას, რამდენად შედეგის მომტანი იქნება გეგმები, რაც გამოძიებას აქვს ხორავას ქუჩის საქმეზე.
ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პროკურატურიდან გამოსვლის შედეგ განუცხადა, სადაც ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატთან ერთად პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო საგამოძიებო სტრატეგიასა და სამართლებრივ მხარეზე.
„ჩვენც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები. სახალხო დამცველი მხარს უჭერს, რომ საქმე სამართლებრივ ჭრილში წარიმართოს. ჩემთან საუბარში პროკურატურამ დაადასტურა, რომ პარლამენტის მხრიდან რეკომენდაციები არ აქვს, ამიტომ ამ ჭრილში საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება პასუხს, ვის უნდა წარედგინოს ბრალი და ვის არა, ჩვენ გარკვეული პოზიციები გვაქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეხება კონკრეტულ პირებს და ვარ სახალხო დამცველი, თავს შევიკავებ ამ პოზიციების დაფიქსირებისგან. გარკვეული დრო გვჭირდება, რომ დავინახოთ, რამდენად შედეგის მომტანი იქნება ის გეგმები, რაც გამოძიებას აქვს დასახული. მნიშვნელოვანია რომ პროცესი დისკუსიის რეჟიმში გადავიდა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.