ნინო ლომჯარია - გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს ზემოქმედება ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე ისაუბრეს
გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა ნინოწმინდის პანსიონის როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ზეწოლა მომდინარეობს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული ადამიანებისგან, მათ შორის სასულიერო პირებისგან.
„დღეს ერთ -ერთი მთავარი პრობლემა, რაც ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან ბენეფიციარებზე, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცველ ორგანოებთან ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან. ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორმა ამ და ადამიანის უფლებების სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულა. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისათვის ისინი ხშირად წარმოადგენენ ერთ -ერთ უკანასკნელ იმედს და ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
ამიტომ სასულიერო პირების განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის ყურადღების გადატანის მცდელობა რეალური პრობლემებიდან. სინამდვილეში, პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი პირი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებს და ეს ისტორიები კიდევ უფრო მძიმდება. ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოიძიონ ის საქმეები, რაზეც ეს ბავშვები საუბრობენ. ასევე, ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ უნდა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ამ ბავშვებს, რომლებიც არიან უდიდესი ზეწოლის ქვეშ. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ მათ მიმართ გამოიჩინოს ძალიან დიდი მხარდაჭერა იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდებს დღეს ძალიან უჭირთ, ხშირად ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან იმიტომ, რომ ამ საკითხებზე საუბრობენ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატს დღესაც დაუკავშირდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთა საქმეების შესწავლა მიმდინარეობს.
„დღესაც რამდენიმე ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომელთა საქმესაც ახლა ვსწავლობთ და ვარკვევთ ვითარებას. ძალიან აღელვებულები იყვნენ ისინი, აცხადებდნენ რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა და აიძულებენ, რომ დატოვონ კონკრეტული სასწავლებელი. ასევე, ბენეფიციარებთან გასაუბრების დროს ვიღებ ინფორმაციას, რომ პანსიონში ყოფნის პერიოდში და შემდგომაც მიმდინარეობს მათ მიმართ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელება სახალხო დამცველის შესახებ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კითხვაზე, მისი შეფასებით, სოციალურ მუშაკებს ეძლევათ თუა რა პანსიონში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა, ლომჯარიამ უპასუხა, რომ ომბუდსმენის აპარატი პროცესს აკვირდება და შეფერხების შემთხვევაში ჩარევას ეცდება.
„ჩვენ გარედან ვაკვირდებით ამ პროცესს. ვიღებთ ინფორმაციებს ზრუნვის სააგენტოდან, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ იქ პროცესი ბრკოლდება, გავა უფრო დიდი დრო და ვერ დავინახავთ რეალურად წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუ დავინახავთ, რომ ბავშვების გამოყვანის პროცესი შეფერხდა და მათ ექმნებათ საფრთხე, ვეცდებით რომ ჩავერიოთ.
სახალხო დამცველს შესაბამის უწყებებთან აქვს კომუნიკაცია. ჩვენ ყველასთან ვცდილობთ, გვქონდეს კონტაქტი და მივიღოთ ინფორმაციები ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ამჟამად მონიტორინგს ვუწევთ პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობას იმიტომ, რომ არანაკლებ საყურადღებოა მათი მდგომარეობა და და ისინი არიან განთავსებულნი უსაფრთხო გარემოში, მათი ინტერესები არის დაკმაყოფილებული.
ჩემი მოლოდინი არის ის, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს გამოყვანილი პანსიონიდან. შესაბამისად, ველოდები, რომ სახელმწიფომ ეს ნაბიჯები გადადგას. გარკვეული დრო ალბათ, სჭირდებათ, რადგან მათ არასოდეს შეუფასებიათ ამ ბავშვების ოჯახების მდგომარეობა და მესმის, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ამ სიტუაციაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.