ნინო ლომჯარია - ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად ძალიან ბევრი ფუნდამენტური უფლება ირღვევა, ოჯახებს აღარ ექნებათ გადაადგილებისა და უსაფრთხოების უფლება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა. ომბუდსმენი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ის სახლები მოინახულა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოჰყვა.
ლომჯარიამ რკინის ღობეებით დაფიქსირებული საოკუპაციო ხაზიც დაათვალიერა.
„ვნახე ბოლო დღეების განმავლობაში დამონტაჟებული კონსტრუქციები. გავესაუბრე ადგილობრივებს. ვნახე ორი სახლი, რომელიც ექცევა ოკუპირებულ მხარეს. ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს, რომელიც დემონტაჟს ახდენს თავისი სახლის. უთხრეს, რომ სამ დღეში უნდა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ შევა ამ ტერიტორიაზე. ეს ძალიან მძიმე ადამიანური ტრაგედიაა. ე.წ. ბორდერიზაცია არა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასაც დიდ პრობლემებს უქმნის გადაადგილების თვალსაზრისით. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ.
ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ. ის ოჯახი, რომელიც დღეს სახლის დემონტაჟს ახდენს, ამ დრომდე ცხოვრობს გორში. სახლში, რომელიც არ აქვს დაკანონებული. წლებია ეს ოჯახები ითხოვენ, რომ ეს ფართი დაუკანონდეთ. მინდა მივმართო თვითმმართველობას, ხელისუფლებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს. ძალიან ბევრი ფუნდამენტური უფლება ირღვევა ამ ადამიანების. დაწყებული საკუთრების უფლებით, ოჯახებს აღარ ექნებათ აქ გადაადგილების შესაძლებლობა, ასევე უსაფრთხოების უფლება. მთელი სპექტრი ადამიანების უფლებების ირღვევა აქ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან კვლავ განაახლეს.